ტრამპის დილემა
„ათას უტევანზე სვლა ერთი ნაბიჯით იწყება“ - დაო დე ძინი .
გასული კვირის ბოლოს კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება დონალდ ტრამპს და ევროპელ მოკავშირეებს შორის, რამაც პლანეტის ყველაზე წარმატებულ სამხედრო ალიანსში გარდაუვალი კრიზისის ნიშნები, ზედაპირზე ამოიტანა.
„ჩინეთი და რუსეთი ნამდვილად გახარებულები არიან . მოკავშირეებს შორის განხეთქილებით სწორედ ისინი სარგებლობენ“ - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობების და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და მოუწოდა ვაშინგტონს, გრენლანდიასთან დაკავშირებული რისკები ნატოს შიგნით განიხილოს. კაია კალასის აღშფოთება ტრამპის მუქარას მოჰყვა, გრენლანდიის საკითზე უთანხმოების საპასუხოდ, რამდენიმე ევროპული სახელმწიფოსთვის ტარიფების დაწესების შესახებ. მანამდე კი იყო ათასობით ადამიანის პროტესტი დანიაში, რომელზეც ამერიკის პრეზიდენტს პირდაპირ უთხრეს, რომ გრენლანდიაში ამერიკა არ სურთ.
ტრამპი დილემის წინაშე დგას. მისთვის სასწორის ერთ პინაზე ამერიკის ეროვნული ინტერესები და გლობალური უსაფრთხოება დევს, მეორეზე კი ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობა, რაც ასევე ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ქვაკუთხედია.
ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ თუ ახლა არ იმოქმედებენ, გლობალურ დონეზე ჩინეთის კიდევ უფრო გაძლიერება და ამ ფონზე ამერიკის როლის დასუსტება გარდაუვალი იქნება. ვაშინგტონისთვის ჩინეთის გაძლიერება უდიდესი საფრთხეა. პეკინის ხელში კიდევ უფრო მეტი ძალაუფლების ჩაგდება, დღეს არსებულ გლობალურ წესრიგს თავდაყირა დააყენებს.
მცდარია ვარაუდი, რომ ჩინეთის ინტერესები მხოლოდ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ტაივანთან ურთიერთობით შემოიფარგლება. ჩინეთს სასიცოცხლო ინტერესი აქვს არქტიკაშიც, სადაც ახალი საზღვაო მარშრუტები ჩნდება და კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა იკვეთება, გრენლანდიაზე არსებული უიშვიათესი მინერალების და ენერგორესურსების მოსაპოვებლად.
რატომ არის კიდევ უფრო გაძლიერებული ჩინეთი დასავლეთისთვის სახიფათო: პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ჩინეთის სახელმწიფოს პოლიტიკის არქიტექტურა და ამ უძლიერესი ქვეყნის ავტორიტარული მოდელის ექსპორტის რისკი. ეს მოდელი სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებული სისტემა. მასში მეორეხარისხოვანია მთავარი ღირებულება - ადამიანის უფლებები, რომელთა პატივისცემაზეც, მრავალი წელია დგას დასავლური დემოკრატია და ამ ღირებულებით თაობები გაიზარდა. მსოფლიოს ყველაზე სანდო საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩინეთს არათავისუფალ ქვეყანად მიიჩნევენ, რომელშიც მკაცრად კონტროლდება მედია, ინტერნეტსივრცე და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები შეზღუდულია. არქტიკის დაკავებით კიდევ უფრო გაძლიერებული ჩინეთი, აუცილებლად დაასუსტებს დემოკრატიულ სტანდარტებს ყველგან, სადაც მას ხელი მიუწვდება. გარდა ამისა, თავისუფალი სამყაროსთვის ჩინეთი არის ეკონომიკური და ფინანსური მახე. არქტიკაში შესული ჩინეთი მოწყვლადს ხდის არაერთ სახელმწიფოს, რომელსაც ჩინეთის მსგავსი მდიდარი რესურსები და ფინანსური შესაძლებლობები არ აქვს. ეს სახელმწიფოები ეკონომიკურად და ფინანსურად მიებმებიან პეკინს, რაც დიდი ალბათობით ამ ქვეყნების დამოუკიდებელ გადაყვეტილებებზე იქონიებს გავლენას.
ნათელი მაგალითია შრი-ლანკა, რომელმაც ჩინური ვალის მომსახურება ვერ შეძლო და იძულებული გახდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰამბანტოტას ღრმაწყლოვანი პორტი, ჩინური კომპანიისთვის 99 წლის ვადით გადაეცა. კიდევ ერთი მაგალითია პაკისტანი, რომელსაც თავის დროზე შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობები ჰქონდა და როგორც კი ამ ურთიერთობებში ბზარი გაჩნდა, სიცარიელე პეკინმა შეავსო. ისლამაბადი უკვე მძლავრად არის დამოკიდებული ჩინეთზე და არა მხოლოდ ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის ფარგლებში. პაკისტანის საგარეო ვალის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს ჩინეთზე მოდის.
ანალოგიური ვითარებაა აფრიკის არაერთ სახელმწიფოში, წყნარი ოკეანის პატარა ქვეყნებში და ჩინური საცეცები უკვე ევროპასაც შეეხო. საბერძნეთის პირეოსის პორტის საკონტროლო პაკეტს ჩინური სახელმწიფო კომპანია COSCO ფლობს და პორტსაც ის უწევს ოპერირებას. პეკინის ეკონომიკური ინვესტიციის პოლიტიკური შედეგი მძიმე აღმოჩნდა. მან ევროპელ მოკავშირეებში განხეთქილება გამოიწვია. 2017 წელს ათენმა დაბლოკა ევროკავშირის განცხადება, რომელიც ჩინეთში პოლიტიკური აქტივისტების და დისიდენტების წინააღმდეგ პეკინის რეპრესიებს გმობდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიუსელმა ათენის ვეტოს გამო, ადამიანის უფლებათა უმნიშვნელოვანესი საკითხი, გაეროს ჟენევის ტრიბუნამდე ვერ მიიტანა. ბუდაპეშტი-ბელგრადის რკინიგზის პროექტში ჩინური ინვესტიციის ჩასხმით აიხსნება ვიქტორ ორბანის უხალისობაც, აკრიტიკოს პეკინი ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო.
არქტიკაში ჩინეთის გაძლიერება, კიდევ უფრო მდიდარ, ტექნოლოგიურად დახვეწილ და მძლავრად შეიარაღებულ პეკინს ნიშნავს. ის მსოფლიოს ლიდერია ციფრულ თვალთვალში და მოქალაქეების გასაკონტროლებლად ხვეწს ხელოვნური ინტელექტსაც. ამ ტექნოლოგიების ექსპორტი ზრდის მასობრივ თვალთვალს და მოქალაქეების თავისუფლებას ზღუდავს. კიდევ უფრო გაძლიერებულ ჩინეთს, შესაძლოა აღარ ჰქონდეს მუხრუჭი, აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტერიტორიული პრეტენზიების დასაკმაყოფილებლად. ეს კი რეგიონში ამერიკის შევიწროვებას ნიშნავს, რის თავიდან აცილებასაც დღეს ასე ცდილობს ვაშინგტონი. ვინც არ უნდა იყოს თეთრ სახლში, ძლიერი ინსტიტუტების წყალობით ამერიკა იყო და დარჩება წესრიგსა და სამართალზე დაფუძნებულ დემოკრატიად. ჩინეთი კი არის სახელმწიფო, რომელიც მთელს მსოფლიოში ამ ინსტიტუტების ალტერნატიულ რეალობას ქმნის - გაუმჭვირვალე ფინანსებით, არადემოკრატიული გზით მიღებული გადაწყვეტილებებით და ძალით, რომელსაც კონტროლი და პასუხისმგებლობა არ ახლავს.
ტრამპის დილემა შემდეგში მდგომარეობს: მან უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეაკავებს გლობალური წესრიგისთვის პოტენციურ საფრთხეს და ამასთან ჩინეთთან გამკლავებას არ გადააყოლებს ევროპას, რომელიც დღეს მისი ყველაზე დიდი მოკავშირეა. ამერიკის პრეზიდენტს ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევს. მისი მიზნის მიღწევა, ნებისმიერი (როგორც თავად ამბობს თუნდაც მძიმე) მეთოდით მიიღოს გრენლანდია, არავინ იცის რა მასშტაბით ჩამოშლის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და თუ ასე მოხდა, მის ნანგრევებზე ახალი ნატოს მშენებლობა ძალიან რთული იქნება. ევროპა ყოველთვის საუბრობდა საკუთარი შეიარაღებული ძალების შექმნაზე, თუმცა რამდენჯერაც საკითხი მსჯელობამდე მივიდა, ატლანტიკის ორივე მხარეს იმდენჯერვე გააცნობიერეს რეალობა, რომ ევროპის კონტინენტზე ნებისმიერი სამხედრო ალტერნატივის გაჩენა, ალიანსს დაასუსტებდა და საბოლოოდ დაშლიდა.
გრენლანდია დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიაა, თვითგამორკვევის უფლებით და ასევე მისი კონსტიტუციურად განუყოფელი ნაწილი. ცივილიზებულ სამყაროში, სახელმწიფოს ტერიტორიის დაკავება მისი მოსახლეობის სურვილის გარეშე არალეგიტიმურია. ეს ორმხრივი ნებით უნდა ხდებოდეს.
1917 წელს დანიამ ამერიკას დანიის ვესტ ინდოეთის, დღევანდელი ვირჯინიის კუნძულები მიჰყიდა. გაყიდვაზე შეთანხმებას მალევე მოჰყვა რეფერენდუმი. 1916 წლის 14 დეკემბერს, მოსახლეობის დაახლოებით 64 %-მა მისცა თანხმობა დანიის ვესტ ინდოეთის ამერიკისთვის გადაცემას. შეერთებულ შტატების სურვილი, მიეღო ვირჯინიის კუნძულები, აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო. პირველი მსოფლიო ომის დროს ვაშინგტონი შიშობდა, რომ ეს ტერიტორია გერმანელების ხელში აღმოჩნდებოდა, რაც პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით მისთვის მიუღებელი იყო. ვირჯინიის კუნძულებს ისეთი მდებარეობა აქვს, საიდანაც რამდენიმე წლით ადრე გახსნილი პანამის არხისკენ მიმავალი საზღვაო გზები ადვილად გაკონტროლდებოდა. გერმანელების მიერ კარიბის ზღვის და არხის კონტროლი კი, ამერიკისთვის წარმოუდგენელი მასშტაბის ზიანს ნიშნავდა.
110 წლის წინ, ზუსტად ისეთივე გამოწვევა ჰქონდა შეერთებულ შტატებს, როგორც დღეს აქვს. მაშინდელი მომლაპარაკებელი სახელმწიფო მდივანი რობერტ ლენსინგიც ისეთივე ხისტი იყო, როგორც დღეს გრენლანდიის საკითხებზე ავლენს ხისტ პოზიციას ამერიკის პრეზიდენტი. ლენსინგი მიიჩნევდა, რომ საგარეო პოლიტიკა ამერიკის ეროვნულ ინტერესებს უნდა ეფუძნებოდეს და არა იდეალიზმს. ასე, რომ ერთი შეხედვით ჩანს, თითქოს განსხვავება არ არის და 110 წლის შემდეგ ისტორია მეორდება. ამჯერად არქტიკა ხდება გეოპოლიტიკური არენა, გრენლანდია კი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია არქტიკაში - ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ლიდერობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. თუმცა არის ერთი მომენტი. საუკუნის მანძილზე მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამერიკას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰყავს მოკავშირეები, რომელთა დახმარებით ინარჩუნებს ის სამხედრო უპირატესობას მსოფლიოში და როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს ვაშინგტონის და ბრიუსელის ხედვები, ატლანტიკის ორივე მხარეს მაინც ერთ ენაზე საუბრობენ. მუქარის ტონი ამ ურთიერთობებში არ მუშაობს და კიდევ უფრო მეტ გაუცხოებას და იმედგაცრუებას იწვევს მოკავშირეებში. რომ არაფერი ვთქვათ თავად გრენლანდიელების შიშზე და მოლოდინზე, რომ ამერიკა კუნძულზე ძალით შეიჭრება.
გრენლანდიის სამხედრო ძალით აღება ფანტასტიკის სფეროა. ბევრი ფაქტორის გამო ეს არასოდეს მოხდება. ტრამპი შესაძლოა ხისტია, მაგრამ თვითმკვლელი არ არის. მისი მთავარი კრედიტი, როგორც მუდმივად ამბობს, ომების დამთავრებაა და არა დაწყება. ტრამპი ვერასოდეს დაუშვებს იმას, რომ ვაშინგტონმა ჩინეთის და რუსეთის ფონზე მორალური უპირატესობა დაკარგოს. თუმცა ამერიკის დღევანდელი რიტორიკა აზიანებს ურთიერთობებს ნატოელ მოკავშირე დანიასთან და გაამწვავა ევროპის ქვეყნებთან, რომლებსაც თეთრი სახლი ახლა სანქციებით ემუქრება. ევროპა კი გრენლანდიაში სამხედროებს გზავნის.
კაია კალასი აბსოლუტურად მართალია, როდესაც პეკინის და მოსკოვის სარგებელზე საუბრობს. მხოლოდ მათ აძლევთ ხელს სცენარი, როგორ ყრიან მდუღარე წყალში ერთმანეთს ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეები. ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც ახლა ყველაზე მეტად დამშვიდება და ცივი გონებით მოლაპარაკებების დაწყება სჭირდებათ, რის იმედიც დავოსის შეხვედრების შემდეგ გაჩნდა.
სტრატეგიული სიმშვიდის მაგალითი როგორ ირონიულადაც უნდა ჟღერდეს, დასავლელმა მოკავშირეებმა ჩინეთისგან უნდა აიღონ. გრენლანდიასთან დაკავშირებულ აურზაურში პეკინმა ჯერ მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადადგა და არქტიკასთან დაკავშირებით თითქოს სუსხიანი, მაგრამ ამ დროს მაინც მოზომილი განცხადება გააკეთა. ჩინელები ძველ ფილოსოფიური სწავლებას მიჰყვებიან. მათ იციან, რომ ოქროს ფასი აქვს „დაო დე ძინის“ 64-ე თავის სწავლებას - ათას უტევანზე სვლა, ერთი ნაბიჯით იწყება.
დავით ნიკურაძე